პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი პირდაპირ აქეზებდა ხალხს - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მომხდარი არეულობის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა და გამოძიების დეტალებზე ისაუბრა. მან აქციის ორგანიზატორებად “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წარმომადგენელი დაასახელა.

„ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი. რა თქმა უნდა, ორგანიზატორები პირდაპირ ჩანდა, მოწოდებებიც ისმოდა. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ ხალხის შეკრებას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში. რა განმარტებებიც გააკეთეს, ისიც კარგად მოვისმინეთ და ეს იყო აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და ეს მთლიანი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათ კისერზეა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.