პოლიტიკა
დავით კირვალიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, რომელიც აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, აშშ-საქართველოს ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტსა და მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ). დავით კირვალიძე ორჯერ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.