აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის უხუცესებთან - მალიკებთან შეხვედრა გამართა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. მალიკებთან შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს. ოპერაციის მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება და კეთილგანწყობის მოპოვება იყო და მან წარმატებით ჩაიარა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს.