საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევა გოცირიძე წერილით ეხმაურება. ის წერს, რომ ევროპამ მეოთხე ინსტანციის როლი შეასრულა, დაარღვია ბალანსი უფლებებს შორის და ეს ყველაფერი სპეკულაციებზე დაყრდნობით გააკეთა.
„ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას.
აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება, მავანთა მიერ რომ არის ინსპირირებული და მხარდაჭერილი“, - წერს, კერძოდ, ევა გოცირიძე.