საზოგადოება
ბანკომატები საზოგადოებრივი ტუალეტივით ბინძურია

bankomatბრიტანელი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბანკომატები ისეთივე დაბინძურებულია, როგორც საზოგადოებრივი ტუალეტები, – წერს – Daily Mail.

მიკრობიოლოგებმა კომპანიიდან "BioCote" ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქის, სავაჭრო ცენტრების ბანკომატების კლავიატურებიდან და საზოგადოებრივი ტუალეტებიდან მიკრობიოლოგიური სინჯები აიღეს.

შედეგებმა აჩვენეს, რომ ბანკომატების კლავიატურა იმავე ბაქტერიებითაა დაბინძურებული, რითაც – საზოგადოებრივი ტუალეტები. დაბინძურების ხარისხობრივი შემადგენლობა ორივეგან ერთნაირი აღმოჩნდა.

აღმოჩენილი ბაქტერიების რიცხვში Pseudomonas და Bacillus–ის ჯიშის წარმომადგენელი ბაქტერიები მოხვდნენ, რომლებიც ადამიანებში სხვადასხვა დაავადებას იწვევენ.

მკვლევარმა რიჩარდ ჰასტინგსმა და კომპანიამ "BioCote" ამ შედეგების შემდეგ 3 ათასი ბრიტანელი გამოკითხა, თუ რომელი ადგილებია, მათი აზრით, ყველაზე მეტად ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე საზოგადოებრივი ტუალეტები აღმოჩნდნენ. მეორე ადგილზე სატელეფონო ჯიხურები და ავტობუსების გაჩერება დაასახელეს. ბანკომატების კლავიატურებმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

უფრო ადრე ამერიკელმა მეცნიერებმა ლიფტების ღილაკების დაბინძურება გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ მათზე 35–ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტებში.

გამოკითხვა საქინფორმის ჟურნალისტმაც ჩაატარა და სხვადასხვა ასაკის 30 ადამიანი გამოკითხა.

ქართველებს ბანკომატის დასახელება აზრადაც არ მოსვლიათ. 30 გამოკითხულიდან ბანკომატი არცერთი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანმა არ დაასახელა.

ქართველებისთვის ყველაზე საშიში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახელურები აღმოჩნდა, ნაკლებად ეშინიათ ლიფტის ღილაკების, ხოლო საზოგადოებრივი ტუალეტი თითქმის არც წარმოადგენს მათი შიშის სფეროს, ფაქტობრივად, საქართველოში იმდენად არ არის მომრავლებული მსგავსი " დაწესებულებები", რომ ხშირად უცხოელ ტურისტებს საზოგადოებრივ ტუალეტთან მიახლოებისთანავე თავი პირველყოფილ ხანაში ჰგონიათ.