საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
"ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც სამი მოსმენით მივიღეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ვრჩებით და ამის საფუძველზე, ვეტოს შემთხვევაში, კანონპროექტების პაკეტს კენჭი ეყრება კიდევ ერთხელ მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა “ევროპულ საქართველოსთან”, “პატრიოტთა ალიანსთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან”. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მას დოკუმენტზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად ვადა 21 მარტამდე აქვს.