საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ეგვიპტის სასამართლომ ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან გაათავისუფლა. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარის მოთხოვნას დაუჭირა მხარი და დაკავების დღიდან პატიმრობაში გატარებული პერიოდი სასჯელის ვადაში ჩაუთვალა.
2011 წლის რევოლუციის შემდეგ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა, თუმცა ერთი კვირის წინ კაიროს საკასაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტი გაამართლა და მას რევოლუციის დროს დემონსტრანტების მკვლელობის შესახებ ბრძანების გაცემის ბრალდება მოუხსნა.
სამწლიანი პატიმრობა კი, რომელიც ჰოსნი მუბარაქს სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით ჰქონდა მისჯილი, მან უკვე მოიხადა.
ადვოკატის განცხადებით, 88 წლის მუბარაქი ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და მკურნალობის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდება.