საზოგადოება
პროკურორი მამა გიორგი მამალაძის ჩვენებას "აბსურდულს" უწოდებს

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი.  პროკურორი ჯარჯი წიკლაური ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძის დაკითხვას აფასებს და აცხადებს, რომ ბრალდებულის ჩვენება საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებთან წინააღმდეგობაში მოდის.

აბსურდულია ბრალდებულის ჩვენება. თავიდან ბრალდებულმა განაცხადა, რომ ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს, შემდეგ ახალი ვერსია შემოგვთავაზა, რომ ამ ციანიდით შორენა თეთრუაშვილი აპირებდა თვითმკვლელობას“, - აღნიშნავს ჯარჯი წიკლაური.

მისი თქმით, დეკანოზმა ვიდეოჩანაწერებში თავის სიტყვებს ხუმრობა უწოდა.

პროკურატურა მტკიცებულებებისა და მამა გიორგის ჩვენების გასაჯაროებას არ აპირებს.

რაც შეეხება პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილ უფროსს, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, სოსო ოხანაშვილს საქმეში მოწმის სტატუსი აქვს.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მტკიცებით, დეკანოზმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცა, მათ შორის, ილაპარაკა იმაზეც, თუ რაში დასჭირდა 30 ათასი ლარის სესხება ბანკიდან.