საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საქმის შესაძლო განვითარებას სახიფათოდ მიიჩნევენ მედიაექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შეფასებით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ეს ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
„მთელი სახელმწიფო აპარატი მობილიზებულია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ იმის ნაცვლად, რომ ისინი მობილიზებული იყვნენ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც “რუსთავი 2” აშუქებს. ეს არის ძალიან სახიფათო თამაში, იმიტომ, რომ სასწორზე დევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია“, - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.
სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს უგულებელყოფა საქართველოს საბოლოოდ რუსეთის გვერდით, ევროპული საზოგადოებისგან იზოლაციაში მოაქცევს.