პუბლიკაციები
ქალაქ ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტია "მემარცხენე ალიანსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

   "გუშინ, ქ. ბათუმში განვითარებული მოვლენები დაიწყო შემდეგნაირად: საპატრულო ეკიპაჟმა მოქალაქის დაჯარიმებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილმა მოაწყო საპროტესტო აქცია დაკავებულების განთავისუფლებისა და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და მშვიდობიანი პროტესტი სამწუხაროდ გასცდა მშვიდობიან, კანონიერ ფორმებს და მიიღო  ვანდალური ხასიათი. მომიტინგეებმა იერიში მიიტანეს პოლიციის შენობაზე, შტურმით ცდილობდნენ შენობაში შეჭრას, ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციის თანამშრომლებს, სახალხო დამცველის წარმომადგენელს, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და დაიწყეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მოსახლეობის ქონების განადგურება, დაზიანდა და განადგურდა მრავალი ავტომობილი და ქალაქის ინფრასტრუქტურა. სახეზეა სოლიდური ეკონომიკური ზარალი.

ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის აქციის აგრესიულ ჯგუფს ფეთქებადი, აალებადი საშუალებებითა და ქვებით ორგანიზებულად ამარაგებდნენ დაუდგენელი პირები.

 ეს აქცია ვანდალიზმსა და ხულიგნობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მომიტინგეებს შორის გამოჩნდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები. ისინი მომიტინგეთა წაქეზების გზით ცდილობდნენ უკმაყოფილების მეტად გაღვივებას და მოქალაქეების მიერ დაწყებული მშვიდობიანი აქცია გადაზარდეს მასობრივ არეულობაში, შეხლა-შემოხლასა და ვანდალიზმში. ამაზე მეტყველებს ის, რომ აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა ვანდალიზმის მხარდამჭერი აქციები.

 „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სოციალური ქსელის მეშვეობით და პირდაპირ ეთერში გამოსვლებით კიდევ უფრო აქეზებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ  ბათუმში მიმდინარე მოვლენებს.

ამ ყველაფერის საინფორმაციო უზრუნველყოფას ჩვეული სტილით ახდენდა ტელეკომპანია "რუსთავი 2".

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ენერგიული ქმედებებით გამოავლინოს და კანონის ფარგლებში დასაჯოს დანაშაულის ჩამდენები, ორგანიზატორები და წამქეზებლები, ასევე ის პოლიტიკურ-კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური დასუსტებით არიან დაკავებულები" - ნათქვამია "მემარცხენე ალიანსის" საგანგებო განცხადებაში.