საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით მარეგულირებელს “ყაზტრანსგაზმა” და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმართეს, ანალოგიური განაცხადი “სოკარმაც” წარადგინა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, სამინისტრო ფასის რეგულირების საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში, სემეკთან ერთად იმუშავებს.
სემეკში კი განმარტავენ, რომ ლაპარაკია ძველი და ახალი აბონენტებისთვის გაზის ტარიფის გათანაბრებაზე.
როგორც ცნობილია, ტარიფს აწესებს გამანაწილებელი კომპანია და ამ შემთხვევაში ტარიფი შეადგენს 45 თეთრს, ხოლო აბონენტების მეორე ნაწილი მოქცეულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის რეგულაციაში და ამ შემთხვევაში ტარიფი 55-დან 60 თეთრამდე მერყეობს.
„2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ არსებული ახალი აბონენტები რეგიონებში და 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ არსებული ახალი აბონენტები თბილისში არ არიან მოქცეული ამ სატარიფო რეჟიმში, იქ ფასი არის დარეგულირებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ამ რეგულაციის და რეჟიმის გაუქმება და შემოყვანა ჩვეულებრივ რეგულაციაში. ეს ფასები გათანაბრდება“, - განმარტა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.