საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი აირის ფასის შესაძლო მატებაზე საუბრისას გააკეთა.
„იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე - მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს - მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იქნება, შესაძლებელია, ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტროენერგიის ნაწილში გვაქვს. ბუნებრივი აირი არის სრულად იმპორტირებული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, დოლარით ხდება მისი ყიდვა და საქართველოში მოსახლეობაზე ხდება ეროვნულ ვალუტაში მისი გასაღება. ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს. თუმცა, დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.