საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებაზე ნებართვის ბრძანება გასცა

ekaარასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართულ-აფხაზური” შერეული ოჯახების” (ხელმძღვანელი რეზო ბენდელიანი) მიერ ენგურისპირა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით დაგეგმილი იყო ე. წ. საზღვრისპირა სოფლებში სავაჭრო პირობების შექმნა, რომელიც იქნებოდა ქართველებისა და აფხაზების დაახლოების საუკეთესო საშუალება, მაგრამ ამ სურვილის ასრულებას ხელს უშლიდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც კრძალავდა ამგვარ ადგილებში სამეწარმეო საქმიანობას.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის – ეკა ტყეშელაშვილის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანებულებით შესაძლებელი გახდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება: ,,მოწონებულ იქნეს კავშირი ,,ქართულ-აფხაზური ოჯახზების” მიერ წარმოდგენილი პროექტი ,,ქართულ-აფხაზური დიალოგი” და მიეცეს თანხმობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის”.

ენგურისპირა სოფლების მოსახლეობისათვის ამ ბრძანების გაცნობის მიზნით ზუგდიდის რაიონის ენგურსგაღმა, სოფელ ხურჩაში ჩატარდა სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ გალისა და ზუგდიდის რაიონების ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა. ქართველი და აფხაზი შერეული ოჯახების, ქართული და აფხაზური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე ამ შეხვედრაზე თბილისიდან ჩამოვიდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე.

ამ შეხვედრაზე ყველანი ერთსულოვანი იყვნენ იმაში, რომ ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობის წარმართვა ქართველებისა და აფხაზების დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ,,ერთობლივი საწარმოების გახსნა ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, ვაჭრობა, ბაზრობების გახსნა ხალხთა შორის ურთიერთობას აღადგენს. არსებობს აფხაზეთში მცხოვრებთა 350 ადამიანის სია, მათ შორის არიან აფხაზებიც, რომლებიც ლილოში დადიან და ჩააქვთ საქონელი აფხაზეთში. აქ ადგილებზე ბაზრობების გახსნით მათ გაუადვილდებათ საქმიანობა”, – აღნიშნა რეზო ბენდელიანმა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ, რომელმაც მოისმინა დამსწრეთა მოსაზრება და იხილა ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში არსებული ვითარება, ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა სემინარის მონაწილეებს.