საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა მსჯავრდებული ოქსანა სევასტიდი, რომელსაც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
სევასტიდის დაპატიმრების მიზეზი 2008 წელს კონფლიქტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში გამოგზავნილი სმს-შეტყობინება გახდა, რომელშიც სევასტიდი თავის ნაცნობს რუსული სამხედრო ტექნიკის შესახებ ატყობინებდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ღალატის საქმეზე სევასტიდი შვიდი წლის შემდეგ, 2015 წელს დააკავეს, 2016 წლის მარტში კი მას შვიდი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ვიხელმძღვანელე რა ჰუმანურობის პრინციპებით, ვბრძანებ, შეწყალებულ იქნას 1970 წელს დაბადებული სევასტიდი ოქსანა ვალერის ასული, რომელიც 2016 წლის 3 მარტს კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს მიერ გასამართლდა და გათავისუფლდეს თავისუფლების აღკვეთის სახით შემდგომი სასჯელისგან“, — ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე სამშაბათს გამოქვეყნდა.
იქვე აღნიშნულია, რომ ბრძანებულება ძალაში მისი გამოქვეყნებიდან მეხუთე დღეს შედის. რუსეთის პრეზიდენტმა მას ხელი სამშაბათს მოაწერა. გასული წლის დეკემბერში დიდ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სევასტიდის შვიდწლიან განაჩენს „ზედმეტად მკაცრი მიდგომა“ უწოდა. მან მაშინ დააზუსტა, რომ საქმის მასალებს არ იცნობს და საქმის გარკვევის პირობა დადო. მას შემდეგ, რაც სასამართლომ სევასტიდის პატიმრობა მიუსაჯა, დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. მოგვიანებით საქმემ უხარისხო იურიდიული მომსახურების ელფერი მიიღო. სევასტიდიმ სხვა ადვოკატი აიყვანა და მისი საჩივრის საფუძველზე უზენაესი სასამართლო განაჩენის გასაჩივრების საკითხის განხილვაზე დათანხმდა. ამ საქმესთან დაკავშირებით სხდომა 15 მარტს არის ჩანიშნული.