სურსათის ფასებმა საახალწლოდ მორიგი რეკორდი მოხსნა. ხორბალთან, სიმინდსა და ცხიმეულთან ერთად, შაქრის ფასიც კატასტროფულად იმატებს. ამჟამად საცალო ქსელში კილოგრამი 2,2-დან 2,3 ლარამდე ღირს და, თუ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასაც გავითვალისწინებთ, გაძვირება, ალბათ, კიდევ გაგრძელდება. შაქრის ფასი ჩიკაგოს ბირჟაზე 30 წლის განმავლობაში მაქსიმუმს აღწევს და გაძვირებას განაგრძობს.
ერთი ტონა თეთრი და რაფინირებული შაქრის ფასმა ლონდონის ბირჟაზე (2008 წლის ივნისში ფასი 383$ იყო) 750$-ს გადააჭარბა. ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტის ფასის მატება ბრაზილიაში ცუდ მოსავალს დაუკავშირეს. ახალი წელიც უსიამოვნო ინფორმაციით დაიწყო, მსოფლიოს, შესაძლოა, შაქრის დეფიციტი შეექმნას. რადგან ინდოეთს, რომელიც ყოველწლიურად 250 მილიონ ტონას აწარმოებს, ექსპორტი კვლავაც შეზღუდული აქვს. მოსავლის შემცირებას ელოდებიან ტაილანდში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. შაქრის დეფიციტს ხელს ისიც უწყობს, რომ შაქრის ლერწამს, სიმინდსა და სოიოსთან ერთად, აქტიურად იყენებენ ბიოსაწვავის წარმოებაში. შაქარზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, ამიტომ ძვირი იმპორტისა და შეზღუდული მსოფლიო მარაგების გათვალისწინებით, შაქრის გაძვირება 2011 წელსაც გაგრძელდება. ქართულ ბაზარზე შაქრის ფასების ზრდაზე "ადგილობრივი ფაქტორებიც" მოქმედებს, პირველ რიგში, ბაზრის მონოპოლიური გადანაწილება. ფასს ბევრად თუ არა, მცირედით მაინც ბიძგს საბაჟო მოთხოვნის გამკაცრებაც მისცემს. დეკემბრიდან 12%-იანი საბაჟო გადასახადი დაეკისრათ შაქრის იმპორტიორებს, რომლებიც ადგილწარმოშობის სერტიფიკატს ვერ წარმოადგენენ. ეს ცვლილება, პირველ რიგში, გააძვირებს იმპორტს ბელარუსიდან, საიდანაც ბოლო თვეების განმავლობაში დიდი რაოდენობით შაქარი შემოდიოდა.