სამართალი
შსს ქურდული სამყაროსა და კანონიერი ქურდების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

სხდომაზე ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს.

სამოქმედო გეგმის პროექტები უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობას წარუდგენს, აგრეთვე, საკანონმდებლო პაკეტს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.