პოლიტიკა
„ვადა, რომელიც არის მოცემული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ უნდა დაირღვეს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იტალიაში თავისი ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო. "ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. იტალიასთან ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ურთიერთობები. რამდენიმე ასეული იტალიური კომპანია დაესწრო შეხვედრას და მათი მხრიდან არის ძალიან ძლიერი ინტერესი საქართველოში ინვესტირების. ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი გახდება საფუძველი ახალი მნიშვნელოვანი ფაზის დაწყების”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. 

ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნამდვილად. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ის ვადა, რომელიც არის მოცემული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს და გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.