საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. მხარეები დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე წარდგნენ. სხდომაზე პირველი ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გამოვიდა. ფილიპ ლიჩმა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელისუფლებას სურდა, მერაბიშვილი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოეშორებინა.
ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მხარემ, მტკიცებულებების წარდგენის ნაცვლად, სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა.
„ისაუბრეს საქმეებზე, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული ამ განხილვასთან. მათ მოსამართლის კითხვაზე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცეს სასამართლოს, რომ დიახაც, მერაბიშვილის მიმართ კითხვები არსებობდა, არ გაგვიყვანია, მაგრამ კითხვები გვქონდაო. მათ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას ციხიდან გაყვანის თაობაზე. პირიქით, მათ სასამართლოს მიუტანეს გაურკვეველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთარ ფარცხალაძე კომპიუტერთან რაღაც მოქმედებებს ახორციელებდა, ოღონდ ეს მოქმედებები დაასრულა, მათივე მტკიცებით, 01 საათსა და 25 წუთზე, ხოლო მერაბიშვილის გაყვანა მოხდა აქედან 20 წუთის შემდგომ”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ საუბარი გირგვლიანის საქმით დაიწყო, შემდეგ კი მერაბიშვილის იმ ბრალდებაზე გადავიდა, რომელიც ექსპრემიერის საკნიდან გაყვანას ეხება.
"ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ, როდესაც ვასაჩივრებდით… შუალედში, დასაშვებობის ცნობიდან დღემდე გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, თუმცა, რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.