საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 6 მარტს გაშვებული ოთხი რაკეტა პირადად დაათვალიერა, რადგან რაკეტების გამოცდის მიზეზად იაპონიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შესაძლო თავდასხმა სახელდება,-ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური სააგენტო KCNA ავრცელებს.
KCNA-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მიმდინარე უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, ომი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.
მანამდე, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ გაშვებული რაკეტა იაპონიის ზღვაში, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 300 კმ-ში დაეშვა. ტოკიომ და ვაშინგტონმა შექმნილი ვითარების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ამავე დროს, თეთრი სახლის განცხადებით, აშშ სამხრეთ კორეისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა THAAD-ის გაგზავნას გეგმავს, რათა ის ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო თავდასხმისგან დაიცვას.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ Tongchang-ri-ს პოლიგონზე "ამოუცნობი სისტემის რაკეტები" გამოსცადა.
გამოცემა Jiji Press-ის ცნობით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ოთხი რაკეტიდან სამი იაპონიაში "განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის" ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რაკეტის გაშვება ადგილობრივი დროით 7:36 საათზე იაპონიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განხორციელდა. ამჟამად, ექსპერტები რაკეტების ტიპის განსაზღვრას ცდილობენ.
სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სეულის გაერთიანებული კომიტეტის შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფხენიანის მიერ გაშვებული "ამოუცნობი რაკეტები" შესაძლოა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა იყოს, რომელსაც შეუძლია აშშ-ს ტერიტორიაზეც მიაღწიოს.