საზოგადოება
საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმება - სოზარ სუბარი

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

„ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არცერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა”, - აღნიშნეს სამინისტროში.

„საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმებოდა, არც იგეგმება და ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება განხილვაში. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ამ მიმართულებების ახალი გაფართოება ვერ მოხდება, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა 274 ათასი საკუთარი დევნილი გვყავს ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.