საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ "თუკი გიორგი მარგველაშვილი არ გააკეთებს კორექტულ განცხადებებს, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევის წესი არა 2023 წელს, არამედ 2018 წელს შეიცვლება".

„ჩვენი მხრიდან იქნა დაფიქსირებული პოზიცია დასაწყისშივე, რომ საკონსტიტუციო პროცესი უკავშირდებოდა ერთი პოლიტიკური ფიგურის, პრეზიდენტ მარგველაშვილის გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, პოლიტიკურ განცხადებებს თუ პოლიტიკურ მოქმედებებს, რაც, სამწუხაროდ, დადასტურდა კიდეც უმაღლესი თანამდებობის პირთა განცხადებებით და ჩვენ გვინდა, აღვნიშნოთ, რომ იყოს ყველა აქ თავისუფლად, მოდუნდეს ყველა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ ხალხთან კონსულტაციით, ხალხთან ერთად და ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.