საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე პრემიერის ინიციატივას „აბსურდულსა და სასაცილოს“ უწოდებს.
„ხელისუფლებამ მიიტანა იერიში “რუსთავი 2”-ზე, ხელისუფლებამ გადასხა დესანტი საზოგადოებრივ მაუწყებელში, ხელისუფლება ახდენს მედიასივრცის მონოპოლიზაციას და ახლა გვთავაზობს, რომ საკუთარი თავისგან დასაცავად უნდა შექმნას რაღაც ომბუდსმენის ინსტიტუტი. აბსურდული და სასაცილო განცხადებაა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებას დარჩა, “რუსთავი 2”-სთვის თავის დანებებაა.
„რა ინსტიტუტიც არ უნდა შექმნას ახლა კვირიკაშვილმა ივანიშვილთან ერთად, იმ ზიანს, რომელიც მიადგა უკვე სახელმწიფოს “რუსთავი 2”-ის მიტაცების მცდელობით, ვერანაირად ვერ აანაზღაურებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა კი აცხადებს, რომ ქვეყანას მედიაომბუდსმენი კი არ სჭირდება, არამედ საჭიროა, ხელისუფლება არ ჩაერიოს თავისუფალი ტელევიზიის საქმიანობაში, რასაც „დამონებული სასამართლოს“ მეშვეობით ახორციელებენ.