საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე გადასასვლელები ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღეს დილიდან ჩაკეტილია. ენგურის ხიდი - ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთისკენ გადაადგილება შესაძლებელია. რუსეთის ფედერაციის და საოკუპაციო რეჟიმის ახალი გადაწყვეტილების შედეგად, არაერთი მცდელობის შემდეგ, დღეიდან მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს დამატებით 50 კილომეტრამდე მანძილის გავლა მოუწევთ.
ოკუპირებული აფხაზეთისკენ გადასასვლელების ჩაკეტვის შემდეგ, სავარაუდოდ 10 დღეში საოკუპაციო ხაზზე საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედება იგეგმება, რის შემდეგაც ტვირთები, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების განბაჟებას დაექვემდებარება.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების პრევენციის მცდელობაზე საუბრობს.
წარუმატებელი პრევენციის შედეგებს კი კონკრეტული მიზეზებით ხსნიან ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიები საოკუპაციო ხაზის 44 კილომეტრიანი ზოლის ჩაკეტვას ანექსიის გაგრძელებად და საგანგაშო სიგნალად მიიჩნევენ.
ოკუპირებული აფხაზეთის გადასასვლელი პუნქტების დახურვას რამდენიმე საათში განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევად და რეგიონის იზოლირების მცდელობად აფასებს.