პუბლიკაციები
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

   საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ნატოს სამხედრო კომიტეტი გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით. კომიტეტი 28 ქვეყნის და მონტენეგროს წარმომადგენლებისგან შედგება. გაიმართება კომიტეტის სხდომა. იქნება მაღალი რანგის შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან. შეხვედრებზე განიხილება ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ამაღლების საკითხები, ასევე, საკითხები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, სწავლებების, განათლების და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით. აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. საქართველოს ნატოს შტაბ-ბინაში უკვე გაგზავნილი აქვს შეთავაზებები, თუ რა ფორმით შეუძლია საქართველოს მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოებაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში გარკვეული როლი ეკისრება როგორც თავდაცვის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროების არსებულ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება: „მსურს აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა აქტიურ ფაზაშია. გასულ თვეს, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად, სამხედრო კომიტეტი სპეციალურ სესიას მართავს საქართველოში. მჯერა, რომ ეს ღონისძიებები ნათლად ადასტურებს ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ნატოს დაინტერესებას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას მოიცავს. ყველა აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ისევე საქართველოსთვის. შეხვედრაზე განვიხილავთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს ფართო კონტექსტში. საქართველო შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლების დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე.

ამ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ადასტურებს ნატოს ქვეყნების საქართველოს მხარდაჭერას და წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის აღმშენებლობის სკოლა. შეხვედრაზე ასევე განიხილება შავი ზღვის საკითხიც“, - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ.

ალიანსის სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვიზიტი ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა. ის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მხარეებმა სამხედრო საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროგრესზე იმსჯელონ და ადგილზე, უშუალოდ გაეცნონ ნატო-საქართველოს შორის არსებულ უმაღლესი დონის ურთიერთობებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაემგზავრებიან, სადაც დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელისა და კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გენერალი პეტრ პაველი და ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

დღის ბოლოს, სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრებიან და ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრებიან.

ვიზიტის მეორე დღეს სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნება. სესიაზე რეგიონულ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიური ჩართულობის, ოკუპირებული ტერიტორიების, თავდაცვის რეფორმები და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოპტიმიზაციისა და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის დელეგაციის წევრები გმირთა მოედანზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვნით შეამკობენ.

დაგეგმილია ნატოს პირველი სამხედრო პირის, გენერალ პეტრ პაველის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, კომიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მოინახულონ.

სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე, გასულ წელს საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და ნატო-საქართველოს რიგით მეორე წარმატებული სწავლება ოქტომბერში. ახლახანს კი, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრებმა რეგიონალური უსაფრთხოების სიტუაციასა და შავი ზღვის აუზში გაზრდილი ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, 2017 წლის მაისში საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.