საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის თებერვლის თვე 368 010 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 2,1 %-ით მეტია, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 139 918 განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,4% ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 755 080 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,5%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 294 001 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,3%);
ბ) ტრანზიტი - 128 243 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 17%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19,9%);
გ) სხვა - 332 836 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 44,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,1%).
2017 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (-6,6%), სომხეთიდან (+7,7%), თურქეთიდან (-21%), რუსეთიდან (+31,4%), უკრაინიდან (+10,6%) და ირანიდან (+321,4%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალშიც გამოირჩნენ გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ლიტვა (შესაბამისად 35%, 34%, 30%, 26%, 19% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (21%), უზბეკეთი (211%), თურქმენეთი (129%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (17%) და მოლდოვა (22%).