რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარყო ჭორები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილეს მდიდრული ცხოვრების შესახებ

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. „საუბრებს იმის შესახებ, რომ პატრიარქი კირილე ფუფუნებაში ცხოვრობს, არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, – ამის შესახებ ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობების სინოდის განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა ტელეარხ RTVi-სთან ინტერვიუში. „ის ფუფუნებაში არ ცხოვრობს, მას არაადამიანური დატვირთვა და არაადამიანური გრაფიკი აქვს“, – აღნიშნა ლეგოიდამ. მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის ცხოვრების დონე „შორსაა ძალიან მდიდარი ადამიანის დონისგანაც კი“. ეკლესიის წარმომადგენელმა ახსენა თავისი მეგობრები ბიზნესის სფეროდან და აღნიშნა, რომ ისინი კირილეზე გაცილებით მდიდრები არიან.

ასევე ლეგოიდამ აღნიშნა, რომ უკვე 8 წელია პატრიარქის გვერდზე იმყოფება და არ ესმის, როგორ უძლებს იგი ამხელა დატვირთვას. ლეგოიდას თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელს პირადი დროც კი არ გააჩნია. „ამ სიტუაციაში უნდა ვთქვა, რომ მან „ლადა კალინათი“ ან ტრამვაით უნდა იმგზავროს?“, – დასძინა სინოდის განყოფილების ხელმძღვანელმა.