საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაახმაურა. მინისტრი განმარტავს, რომ საქართველომ მოწმის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოდან ორი დღის წინ მიიღო.
“მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ბატონ ოთარ კახიძის ხელით, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატია, სადაც ის მხარს უჭერს და მოწმედ გამოდის ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი ვანო მერაბიშვილის მხარეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის მოწმეა, მმართველ გუნდში განცხადებები გაკეთდა.
„სახალხო დამცველისგან უფრო მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს, რისი მოწმე არის ომბუდსმენი, იმიტომ, რომ ფაქტი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა, გამოძიებით არ დადასტურდა, ხოლო რაც შეეხება სახალხო დამცველის მოწმის სახით დასახელებას ვანო მერაბიშვილის მხრიდან, ამაზე ჩვენ გვჭირდება, ალბათ, უფრო მეტი განმარტება, რისი მოწმეა უჩა ნანუაშვილი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.