პუბლიკაციები
ნატა ძველიშვილი: ნორმალურ ქვეყანაში დღის წესრიგში უკვე უნდა დამდგარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის დათხოვნის საკითხი

   „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ხედვა ვერ პასუხობს სამეურვეო საბჭოს მოთხოვნებს, რაც მისი დათხოვნის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

დღეს ჩვენ რეალურად მივიღეთ მდგომარეობა როცა მენეჯმენტმა არ შეასრულა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოთხოვნა და ვერ დააკმაყოფილა მისი ჩარჩო-კრიტერიუმები, რაც ნორმალურ ქვეყანაში გახდებოდა მენეჯმენტის დათხოვნის ლეგიტიმური საფუძველი; არ ვიცი რას ელოდება დღეს სამეურვეო საბჭო - ფაქტია რომ საბჭო ჯერ-ჯერობით არც დათანხმებულა ამ გეგმას და არც სხვა გადაწყვეტილება მიუღია, თუმცა პირადად ჩემთვის მენეჯმენტის ხედვა აბსოლუტურად ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს რომლებიც მას სამეურვეო საბჭომ წაუყენა“.

აღნიშნული განცხადება „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა  მეორე საზოგადოებრივის თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის მენეჯმენტს წარუდგინა გადაცემების შეფასების ჩარჩო-კრიტერიუმები, რაც გულისხმობს ხარისხის, წვდომისა და წილის, დანახარჯებთან მიმართებით ფასეულობისა და ზეგავლენის შეფასებას. 17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ (მენეჯმენტმა) წარმოადგინა ახალი გეგმა, სადაც გადაცემების დახურვა ძირითადად კვლავ რეიტინგის მონაცემებს ეფუძნება და არ არის გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს მიერ მითითებული სხვა კრიტერიუმები.