საზოგადოება
ოპოზიციონერი დეპუტატები აჟიოტაჟის შექმნას ხელოვნურად ცდილობენ - თბილისის მერია

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. თბილისის მერია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თბილისის მერიაში მისვლას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. უწყებაში ამბობენ, რომ განცხადებები, თითქოს მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და, შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ, დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან და მათ ამის საშუალება მიეცათ. მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.