პოლიტიკა
ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრის შემდეგ საქართველოში აშშ–სთან ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნება

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელს ტრეისი ნიველს, აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმძღვანელს იაშ ჰოლბრუკსა და EUCOM-ის წარმომადგენელს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯიმ ინსეტას უმასპინძლა.

„გავაცანით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მათი ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომლებიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება. მათ გეგმაში აქვთ მოინახულონ როგორც კრწანისის ბაზაზე არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ისე ვაზიანი, სადაც ჩვენ მათთან ერთად წელს ვგეგმავთ  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის - ერთობლივი სასწავლო ცენტრის  შექმნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.