პოლიტიკა
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გაიმართა

   საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ოფიციალური ვიზიტი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბელარუსის რესპუბლიკაში გუშინ დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილს მინსკის ნაციონალურ აეროპორტში ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი, ასევე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კოტარია დახვდნენ.

გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან შეხვედრები გამართა. საქართველოს პრეზიდენტი როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი კობიაკოვსაც შეხვდა.

საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოში დღეს, 2 მარტს ბრუნდება.