საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ იმიგრაციულ ბრძანებულებაში ქვეყნების ჩამონათვალში ერაყი აღარ შევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ასოშიეიტედ–პრესზე“ დაყრდნობით.
ამ უკანასკნელმა აღნიშნული ინფორმაცია ოთხი ამერიკელი ჩინოვნიკისგან მიიღო, რომელთა გვარები მათივე თხოვნით არ ქვეყნდება, ვინაიდან, მათი თქმით, ჯერჯერობით უფლება არ აქვთ, ისაუბრონ ამ საკითხზე.
როგორც წყარო იუწყება, ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო.
ისინი თეთრ სახლს მოუწოდებდნენ, გადაეხედა იმიგრაციული ბრძანებულების სიაში ერაყის შეყვანის საკითხისთვის, ვინაიდან ქვეყანა საკვანძო როლს ასრულებს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანარჩენი ექვსი ქვეყანა კი კვლავ რჩება იმიგრაციული ბრძანებულების ჩამონათვალში. სააგენტო „ასოშიეიტედ–პრესის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ახალ ბრძანებულებას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს მოაწერს ხელს. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შეღწევისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში შესვლას 90 დღით უკრძალავს შვიდი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. გარდა ამისა, ბრძანებულება ნებისმიერი ქვეყნიდან ლტოლვილების მიღებას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიიდან — განუსაზღვრელი ვადით.