სამართალი
რამდენი შოკოლადი ეკუთვნით სამხედრო მოსამსახურეებს – შსს–ს განცხადება

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. მასმედიის საშუალებების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის საჭირო კვების პროდუქტების შესყიდვისათვის

გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის, საერთო საჯარისო სასურსათო იჯრით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში - 100-120 გრამით. ყოველდღიურად შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა, დაახლოებით, 300 კგ შოკოლადის ნაწარმი.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხა სრულიად მიუღებელია და ემსახურება როგორც მათ დემოტივაციას, ასევე შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“.