პოლიტიკა
„რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი გზა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა გახდება?

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. 2013 წლის იანვარში საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სარკინიგზო მიმოსვლისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები ერთმანეთისგან გაყო და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მალე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთზე, გაივლის, რეალობადაც იქცეს.

ამის შესახებ ქართველ საზოგადოებას შეახსენეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა მას შემდეგ, რაც 3 დღის წინ საქართველოს ვიზიტად ეწვია სომხეთის პრემიერ–მინისტრი კარენ კარაპეტიანი, რომელმაც მოლაპარაკებები გამართა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

პრემიერებს შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ ულაპარაკიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ საუბარი „ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხებოდა“, რის შესახებაც  იუწყებოდა საქინფორმი, დაწვრილებით გააშუქა რა სომხეთის მთავრობის მეთაურის ვიზიტი, რომელმაც მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყაზბეგის სატრანსპორტო–გამშვებ პუნქტზე გამავალ  – ლარსის გზას ალტერნატივა გააჩნია“.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური ძალები სვამენ კითხვას - ლარსის გამშვები პუნქტის რა სახის ალტერნატივაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? და მოჰყავთ სომხურ პრესაში გამოჩენილი სტატიები, რომლებშიც ლარსის ალტერნატივად აფხაზეთის გავლით რუსეთ–სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზა სახელდება, რასაც ქართული ოპოზიცია „საქართველოს ამჟამინდელი მოღალატე ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ოკუპაციის აღიარებად“ აფასებს.

საქინფორმმა ვერ მიაგნო სერიოზულ წყაროებს სომხურ მედიაში, თითქოსდა  სომხეთის პრემიერს რომ ციტირებენ, რომელმაც მართლაც ისაუბრა არსებულ ალტერნატიულ გზებზე, მათ შორის საქართველოს საზღვაო პორტების გავლით, ხოლო საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პირდაპირ უარყო ეს დეზინფორმაცია: „ასეთი რამ პირველად მესმის... არასწორი ინფოორმაციაა. მთავრობაში არც განხილულა ეს კონკრეტული პროექტი! ასე რომ, ეს სიცრუეა!“, – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას.