საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, „არგუმენტების დროს“ წამყვანი ზვიად ავალიანი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„რეალურად დღეს მაუწყებელში დგას გაცილებით სერიოზული პრობლემა, ვიდრე კონკრეტული გადაცემების ბედია.
იდეაში არავინ დავობს იმაზე, რომ ნებისმიერი გადაცემა შეიძლება დაექვემდებაროს რეფორმას და ნებისმიერიჟურნალისტის კვალიფიკაციასთან დაკავშირებითაც შეიძლება დავსვათ კითხვები.
ამ კითხვებს არავინ გაურბის.
მაგრამ ამ კითხვებს სინამდვილეში არც არავინ სვამს...
აქ საუბარია იმაზე, რომ გადაცემების რეიტინგზე აპელირებით (რომელიც ცალკე გასარკვევია, რამდენად "დაბალია" და რაც მთავარია - ვისი პასუხისმგებლობაა) სამსახური უნდა დატოვოს ასობით ადამიანმა ისე, რომ არავინ დაინტერესდეს კონკრეტულად ამ ადამიანების გამოცდილებით და კვალიფიკაციით.
შესაბამისად, რეალურად აქ დგას არა (მხოლოდ) გადაცემების, არამედ (რაც მთავარია!) ადამიანების ბედის საკითხი.
მათ შორის (და პირველ რიგში) იმ ადამიანების, რომლებიც საერთოდ არ ჩანან ეკრანზე, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს კადრს მიღმა და რომლებსაც ყველაზე მტკივნეულად დაარტყამს ასეთი სოციალური უსამართლობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიყავი და ვრჩები პოზიციაზე, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის დღევანდელი ლოგიკა არის ერთი მხრივ უსამართლო და შეურაცხმყოფელი მაუწყებელში დასაქმებული თითოეული ადამიანის მიმართ და ამას გარდა, დიდ დარტყმას აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის იდეას“.