აქტუალური
84 ხმა 5-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა კანონი ფარული საგამოძიებო საქმიანობის შესახებ მეორე მოსმენით მიიღო

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობა არ დასწრებია, “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად დარბაზი ჯერ კიდევ განხილვის დაწყებამდე დატოვა. ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის იმ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეფასებით, ცვლილებები ქვეყანაში უკანონო მოსმენების პრევენციას არ უზრუნველყოფს.

კანონპროექტს მხარი არც “პატრიოტთა ალიანსმა” დაუჭირა.

ფარული საგამოძიებო საქმიანობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 31 მარტს უკვე ძალაში უნდა იყოს შესული.

ე.წ ფარული მოსმენების კანონის მიღების შემდეგ უმრავლესობა ისევ პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა, ცნობილია, რომ ის მოსმენების გასაღების ძალოვან უწყებაში დატოვებას არ ეთანხმება.