სამართალი
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1182 ფაქტი

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა  გამოავლინეს სისხლის სამართლის 80 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების – 21 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების – 15 ფაქტი; ქურდობის – 11 ფაქტი და სხვ.

დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის: წვრილმანი ხულიგნობის - 5 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის - 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების – 18 ფაქტი და სხვ.

საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 38 პირი დააკავეს.