საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ბრალდებული პირის - რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირის გათავისუფლება მოითხოვეს და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე ილაპარაკეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გიორგი ლუკავას ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალვა, რომელიც შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, არამარტო გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვანწილად დააზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 21 მარტს გაიმართება.