პოლიტიკა
„ჩვენ ვნახეთ, რუსეთთან მიმართებაში სწრაფი, მკვეთრი და დაუფიქრებელი პოზიციები როგორი შედეგების მომტანია!“ – ახალი მესამე ვიცე–პრემიერი

   საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გაუკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სერგეი ლავროვის ამასწინანდელ განცხადებას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

რაც შეეხება იმას, რატომ არ არის მკვეთრი და სწრაფი საქართველოს მთავრობის პოზიცია, ჩვენ ვნახეთ, მკვეთრი და სწრაფი, დაუფიქრებელი პოზიციები რუსეთთან მიმართებაში და მსოფლიო პოლიტიკაში როგორი შედეგების მომტანია. ვფიქრობ, ჩვენი მთავრობის პრაგმატული და დაბალანსებული, გააზრებული პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან და ყველა მეზობელთან მიმართებაში, არის საკმარისი სტაბილურობის გარანტი, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს და ჩვენი მოსახლეობის ცხოვრება გაუმჯობესდეს, მიუხედავად არსებული კონფლიქტებისა“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რფ–ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პირობას წარმოადგენს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის აღდგენა“. რუსმა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას „რთული საკითხი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ მასზე მსჯელობა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. „თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობასთან, როცა არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასიაც იქცევა მარშრუტად, რომლის გამოყენებასაც ბოევიკები და ექსტრემისტები ცდილობენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ყურადღება მიაპყრო იმას, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება საქონელმიმოქცევა, ავიარეისების რაოდენობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს „პრაქტიკულად ნებისმიერი მიზეზით“ შეუძლიათ რუსეთს ეწვიონ. თუმცა, ინგლისური ენის ცუდად მცოდნე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ქართულსაც საშუალოდ ფლობენ, რუსული კი სრულებით დაივიწყეს, ლავროვის სიტყვების ინტერპრეტირება მოახდინეს მხოლოდ მათთვის სასურველი მორიგი ანტირუსული პროვოკაციების თვალსაზრისით...