საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტით ჩაფრინდნენ. სინოდის წევრებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მათი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე მათ სრული ინფორმაცია არ აქვთ.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სასულიერო პირები, ალბათ, ისაუბრებენ, თუმცა, მისი აზრით, ამ განხილვისთვის სინოდის კრება არ შედგება.
„ეს ისეთი საკითხია, თუ გამოძიებას ნამდვილად აქვს რაღაც დამადასტურებელი, უნდა გამოაქვეყნოს. თუ არა, მაშინ რატომ ატეხეს ეს ამბავი?“, - აცხადებს მეუფე.
ღვთისმსახურთა აზრით, ამ საკითხზე ეკლესიამ ჯერ შიგნით უნდა იმსჯელოს.
საპატრიარქოს დელეგაციაში სინოდის 6 წევრი შედის. სასულიერო პირები შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის შტაბბინებში გამართავენ.