აქტუალური
საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია - ბინალი ილდიმირი

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის მთავარი თემა სხვადასხვა სფეროში საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობა იყო.

პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე, დაადასტურეს მზადყოფნა, გაძლიერდეს თანამშრომლობა საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის "სამხრეთის დერეფნის" წარმატებით განხორციელების მიმართულებით.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე მიიწვია, რომელიც სტამბოლში 22 მაისს გაიმართება.