საზოგადოება
ყველაზე უძველესი ქართული ხელნაწერის სტატუსი, შესაძლოა, ნეკრესის ეპიტაფიებს მიენიჭოს

nekresiნეკრესის ტაძრის ეპიტაფიების ზუსტ თარიღს მეცნიერთა ჯგუფი ამ დრომდე ადგენს. თუმცა სამეცნიერო წრეებში იმაზე უკვე აღარ დავობენ, რომ ეს ეპიტაფიები ყველაზე ძველია და ფარნავაზის მეფობის დროს, ანტიკურ ხანაში შექმნილი დამწერლობით არის შესრულებული. მეცნიერთა ამ ვერსიას არ ემხრობა მკვლევართა ერთი ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართული დამწერლობის ისტორია არა ანტიკურ ხანაში, არამედ ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად იწყება. უცნობია, თუ როდის და როგორ დასრულდება მეცნიერებს შორის დავა. ნეკრესის ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ნოდარ ბახტაძე აცხადებს, რომ ნეკრესის ქვები, რომლებზეც ეპიტაფიებია წარწერილი, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მესამე-მეოთხე საუკუნეებით არის დათარიღებული.