საზოგადოება
ციანიდის საქმე: დავით ბაქრაძის ორი ვერსია

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. “ევროპული საქართველო” მთავარი პროკურატურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში სასულიერო პირზე თავდასხმაზე არ არის ლაპარაკი.

  განცხადება საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის  ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

  „ხუთდღიანი მოლოდინის, დაზაფვრის ჩვენი მოსახლეობის, დასრულება იმით, რომ თურმე არც არაფერი არ იგეგმებოდა,ცილდება საღი აზრის ფარგლებს. არავის არ გვაქვს იმის პრეტენზია, ჩავთვალოთ, რომ დღეს რაიმე სახის ნდობა გააჩნია ივანიშვილის პროკურატურას, მაგრამ ის, რაც მოვისმინეთ, სცილდება ამ ფარგლებსაც კი. მიჭირს რაიმე საღი აზრის მქონე გამართლების მოძებნა, მაგრამ არსებობს ორი შესაძლო ვერსია.

  პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და საკანონმდებლო ხელისუფლებით და, უბრალოდ, არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია, რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს და თავისთავად ეს უაღრესად საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს პრემიერი და მთავრობა. და ვერსია მეორე: ამ თემით და პატრიარქის სახელის გამოყენებით მათ სურდათ, შეექმნათ ტალღა, რომელიც გადაფარავდა ქვეყანაში სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ დისკუსიას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ბოლო დღეებში საპატრიარქოს გარშემო.

  ასეთი დისკუსია აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და საბოლოო ჯამში შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.