საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და მისი არჩევის წესში ცვლილებებზე იმსჯელეს.
პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ხელისუფლების „პოლიტიკური ძალაუფლების შესაბამისი სურვილების კონსტიტუციაში ჩაწერის მიზნით“ მიმდინარეობს.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ დამოუკიდებლობაში იგულისხმება, პირველ რიგში, არჩევითობა, იმიტომ რომ ხალხისგან მიცემული მანდატი აძლიერებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ასევე იგულისხმება კონკრეტული ფუნქციები, მათ შორის, მთავარსარდლის ფუნქცია, მათ შორის, საგარეო საკითხებში ფუნქცია, მათ შორის, სხვადასხვა სასამართლოში კანდიდატების წარდგენის ფუნქცია და ა.შ.“, - განაცხადა “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.