ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებები იგეგმება
გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს თანამდებობაზე, სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია შეცვლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს კი - სოსო ქარჩაიძე.
კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, სამთავრობო ცვლილებები პრემიერსაც შეეხოს და ნიკა გილაურის ადგილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ამჟამინდელმა მინისტრმა ვერა ქობალიამ დაიკავოს. აღსანიშნავია, რომ ქობალია საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ში მის ამერიკელ კოლეგასთან ბარაკ ობამასთან გამართულ შეხვედრაზეც ახლდა, მანამდე კი სააკაშვილის მიერ გამართულ თითქმის ყველა მაღალი დონის შეხვედრას ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში დაგეგმილ მორიგ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გავრცელდა. ყველაზე მეტად სავარძლის დატოვებას სწორედ სუბელიანსა და ხაჩიძეს უწინასწარმეტყველებდნენ.