პოლიტიკა
რესპუბლიკელები მთავრობას მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მიმართვაში ხელისუფლების მხრიდან პროცესებში ჩარევასა და საპატრიარქოსთვის გამოყოფილ გაზრდილ დაფინანსებაზეა საუბარი, რომლის მიზნობრიობა არ ჩანს. რესპუბლიკელები მთავრობას მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება.

  „ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, არ გასცდეს კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს არც ხელისუფლება და არც ეკლესია, რასაც დღეს აქვს ადგილი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

  "ბატონი მამალაძის წერილში აღწერილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის რეალობა და ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩარეულები არიან კორუფციაში და მათ აქვთ საერთო ბიზნესები, ეს დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან არაერთი ამონაწერით. ეკლესიას წმინდა ფულადი სახით მიღებული აქვს 200 მილიონზე მეტი, ასევე საპატრიარქოს მიღებული აქვს 1 მილიონზე მეტი კვ.მ. მიწის სახით. საბოლოო ჯამში საქართველოს მოსახლეობა რატომ არის ვალდებული, ამდენი იხადოს კომპენსაციის სახით, იქნებ ვინმემ დაუსაბუთოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.