უცხოეთი
პესკოვი: ტრამპის თანაშემწის მაიკლ ფლინის გადადგომა აშშ–ის ადმინისტრაციის საშინაო საქმეა

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურნენ კრემლში მაიკლ ფლინის თანამდებობიდან გადადგომას. დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსულ მხარეს ამ საქმესთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს.

  შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი თანამდებობიდან გადადგა. მაღალჩინოსნის პოსტიდან წასვლა რუსეთთან კონტაქტების არსებობის სკანდალს უკავშირდება.

  ფლინმა აღიარა, რომ რუსეთის ელჩთან დეკემბერში სატელეფონო საუბრები ჰქონდა, რომლის შესახებაც პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტს არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

  გამოცემა ,,ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, მაიკლ ფლინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი და თეთრ სახლში ტრამპის მისვლის შემდეგ მათი მოხსნის შესაძლებლობები განიხილა.

  თავად მაიკლ ფლინი კატეგორიულად უარყოფდა სანქციების განხილვის საკითხს, თუმცა მოგვიანებით მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსანს მსგავსი საკითხის განხილვის ფაქტი არ ახსოვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ საუბრის დროს ეს თემაც ყოფილიყო.