საქართველოს პირველი ლედი ევროპელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. სანდრა ელისაბედ რულოვსმა ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია ქართული კულტურისა და საქართველოს საკურორტო ზონების შესახებ.
გამოფენაზე მოგზაურობისმოყვარული ჰოლანდიელების მთავარი მასპინძელი სწორედ სანდრა ელისაბედ რულოვსი იყო.
დამთვალიერებლებმა ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე, მათ შორის, ახალგახსნილ მაღალმთიან კურორტ მესტიაზე, რომელიც უკრაინული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული პომპეზური კონცერტის შემდეგ, მიუხედავად ხელისუფლების დიდი ძალისხმევისა, მთლიანად დაცარიელდა, დეტალური ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის პრეზენტაციასა და ჰოლანდიაში ჩასული ქართული ტურ-ოპერატორებისგანაც მიიღეს. წელს საქართველოში უთოვლობაა, მის გარეშე კი სათხილამურო ტრასები ტურისტების ყურადღებას ვერასგზით მიიპყრობს.(ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებამ გასულ უქმეებზე დაავალდებულა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩინოვნიკები, ბანკების მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მუშაკები, მესტიაში ჩასულიყვნენ!).
გამოფენაზე ქართულ კუთხესთან მისულ უცხოელებს საშუალება ჰქონდათ ქართული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. სტუმრებს ბუკლეტებიც დაურიგდათ.
საინტერესოა, იყო თუ არა ამ ბუკლეტებში ჩანართები იმის შესახსენებლად, რომ საქართველო ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული? საქართველოს პარლამენტმა ხომ ახლახან მიიღო დადგენილება, ნებისმიერი ბეჭდური პროდუქცია ამგვარი „ფლაერებით“ აღეჭურვათ... ნუთუ ტურისტებს „ოკუპირებულ ქვეყანაში“ სტუმრობა მიიზიდავთ?! სავარაუდოდ, არა, თუკი რასაკვირველია, ეს ექსტრემალური ტურიზმი არაა...