პუბლიკაციები
საქართველო-აზერბაიჯანი საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პოტენციალის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობებს განიხილავენ

  ქ. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანელ კოლეგას ელმარ მამედიაროვს შეხვდა.

  მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ  ურთიერთობებზეა დაფუძნებული.

  შეხვედრაზე განხილული იქნა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა მხარეების მზაობას  გაღრმავდეს და სრულად იქნას ათვისებული თანამშრომლობის ის მაღალი პოტენციალი, რაც არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები.

  კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო აზერბაიჯანის როლი გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს აუცილებელია ენერგეტიკული პროექტების კვალდაკვალ  ევროპა აზიის დამაკავშირებელ ხაზზე განვითარდეს სატრანზიტო შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.

  აღინიშნა, რომ ამ პროექტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის.

  შეხვედრაზე განხილული იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმდინარეობა, მათ შორის ისტორიული წითელი ხიდის აღდგენის პროცესი და მის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები.

კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც მხარეების მიერ შემუშავდა 2017 წლის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებული პროგრესი. ქართული მხარე თავის მხრივ მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა ევროკავშირის ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ორივე ქვეყანას.

მინისტრებმა ისაუბრეს თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს აქტიური ურთიერთობა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ფარგლებში, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს.

ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოხატეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერა.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის შეხვედრების რეგულარულ გაცვლას და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქთაი ასადოვს. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, რაც ქვეყნებს შორის არსებობს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყენებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში საპარლამენტო ურთიერთობების როლი. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის შექმნაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მან ოქთაი ასადოვი ვიზიტით საქართველოში მიიწვია, რაც სიმბოლური იქნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის გათვალისწინებით.

ვიზიტის ფარგლებში საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის საფლავს და გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის კომპლექსი.