საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერი დაუმონტაჟებელი და ავთენტურია.
“საუბარია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და, სადაც ეს უკანასკნელი საქალაქო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით.
მას შემდეგ, რაც გახმაურდა “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
„დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება“, - აცხადებს თალაკვაძე.